რუსეთის ხელისუფლება უარს ამბობს, რომ უკრაინას მოლაპარაკებები "მშვიდობის ფორმულის" პირობებზე ჰქონდეს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ინტერვიუს დროს განაცხადა.
"ნათელია რომ კიევი არაა მზად დიალოგისთვის. ყოველგვარი იდეებისა და "მშვიდობის ფორმულის" წამოყენებით, ზელენსკი ელოლიავება ილუზიას დასავლეთის დახმარებით მიაღწიოს რუსული ტერიტორიებიდან - დონბასი, ყირიმი, ზაპოროჟიე და ხერსონი - ჩვენი ჯარების გაყვანას, რუსეთის მიერ რეპარაციების გადახდას და ა.შ. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებზე საუბარს არავისთან არ ვაპირებ. დარჩნენ თუ არა ადეკვატური პოლიტიკოსები კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, ძნელი სათქმელია", - განაცხადა ლავროვმა.
ე.წ. მშვიდობის ფორმულა უკრაინის პრეზიდენტმა G20-ის სამიტზე წარადგინა. გეგმა 10 ნაბიჯს მოიცავს: უკრაინის რადიაციული, ბირთვული, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამხედრო ტყვეების გაცვლა და დეპორტირებულთა დაბრუნება, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უკრაინის ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანა, ახალი ესკალაციის პრევენცია, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნა, ასევე ომის დროს ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მექანიზმის შემუშავება.
მოგვიანებით, ზელენსკიმ მოუწოდა, 2023 წელს "მშვიდობის ფორმულის" გლობალური სამიტი ჩატარდეს.